ჩავარდნილი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი 22 ივნისს გამოცხადდება. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძეის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის და რამაზ მამულაძის ეპიზოდზე. დაკავებულთა ნაწილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. მათი თქმით, წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული, ზურაბ ჭავჭანიძე არ ესწრებოდა. იგი სხდომიდან გაძევებული იყო. მის საბოლოო სიტყვას მოსამართლე მომდევნო სხდომაზე მოისმენს, რის შემდეგაც სათათბიროდ გავა. ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ ეპიზოდზე 12 პირი იყო პასუხისგებაში მიცემული, თუმცა მათგან ექვსმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დაწესებულება სამწლიანი პირობითი მსჯავრით დატოვა.