ჩარლი კირკის მკვლელობის საქმე

12:24, 12.09.2025

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ასი ათასი დოლარის ჯილდო დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავე პირის დაკავებაში დაეხმარებათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯილდო იქნება „ინფორმაციისთვის, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების იდენტიფიცირებასა და დაკავებას შეუწყობს ხელს“. როგორც „ბიბისი“ წერს, საზოგადოებისგან 200-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს, თუმცა მკვლელობაში დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. მანამდე აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ფოტოები და ვიდეოკადრები რომელზეც, სავარაუდოდ, კირკის მკვლელია ნაჩვენები. ჩარლი კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ის მალევე დაიღუპა. კირკის მკვლელობას დონალდ ტრამპმა ამერიკისთვის ბნელი მომენტი უწოდა.

მსგავსი