Changi Airports International-ის წარმომადგენლები საქართველოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რომლის მიხედვითაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 7.8 მილიონი, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 4.7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. დღეს საქართველოში 80-მდე ავიაკომპანია 140-ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეისებს.