ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე და ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა
21-საათიანი უშედეგო მოლაპარაკება და ტრამპის გაძლიერებული ზეწოლა ირანზე – ზეწოლის ბერკეტად კვლავ ჰორმუზის სრუტე იქცა.
გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი არხის ირანული პორტები აშშ-მა ბლოკადაში მოაქცია. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გულისხმობს ირანის პორტებში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკირებას, დატყვევებას და გადამისამართებას. ბლოკადის პირობების დარღვევის შემთხვევაში ტრამპი გემების სწრაფი და სასტიკი მეთოდებით განადგურებით იმუქრება. სრუტე, რომელიც თეირანს 28 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილი ჰქონდა, ამერიკა-ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ზავის მიხედვით, უნდა გახსნილიყო. თუმცა ეს პირობა ამ დრომდე არ სრულდება. ირანული პორტების ბლოკადას ნეგატიური გავლენა აქვს ნავთობის ბაზარზე – იზრდება ნავთობის ფასი. ბუნდოვანია პაკისტანის შუამავლობით ამერიკა-ირანს შორის მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივაც. ამერიკის პრეზიდენტი ირანის სამხედრო შესაძლებლობებს პრაქტიკულად განადგურებულად აცხადებს. თუმცა მთავარ საკითხზე, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის სახით ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო გზის ჩაკეტვა ყოველდღიურად აზარალებს, მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენა ახლა ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.