ცესკო-ს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება კომისიამ დაასრულა

პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ოთხი ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ჯამში ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი, გიორგი კალანდარიშვილის განაცხადი შევიდა. ცესკო-ს სამი პროფესიული წევრის ვაკანტურ თანამდებობის დაკავების სურვილი კი ოთხმა კანდიდატმა, ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა გამოთქვა. 9-წევრიან შესარჩევ კომისიაში სამმა წევრმა, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უფლებამოსილება შეიჩერა და კომისია მუშაობას 6 წევრით განაგრძობს. შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ლევან შენგელიას განმარტებით, გუშინ კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო კომისიის მუშაობის გადადება მოითხოვა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი უფლებამოსილება შეიჩერეს. სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციის შემდეგ, შერჩევის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელიც გაემიჯნა. თუმცა კომისიას სამი წევრის გარეშეც მუშაობის გაგრძელების ლეგიტიმაცია აქვს.