ცესკო-ში აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის სრული მზადყოფნაა. ყველა უბანი წესისამებრ დილის 8 საათზე გაიხსნება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გარემოზე, სამზადისზე, საფრთხეებსა და შესაძლო პროვოკაციებზე. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხმის მიცემის ფარულობის დაცვიდან გამომდინარე უზრუნველყოფილია, რომ თუნდაც ჩარჩო – ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე ამ კვალის იდენტიფიცირებისთვის. ის გამოეხმაურა წინა არჩევნებზე მარკერის კვალის გაჟონვის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა სპეკულაციებისთვის გამოიყენა და სწორედ ამ მიზნით მიიღეს შესაბამისი ზომები.
მან მოუწოდა ამომრჩევლებს აქტივობისკენ და ჩართულ მხარეებს კანონმდებლობის დაცვისკენ.