ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან იურიდიულ კომიტეტზე განახლდება. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვისთვის მზადაა. „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ მათი პარტია მხარს თენგიზ თევზაძეს უჭერს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და კანდიდატებთან გასაუბრებას ელოდება.

ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლით ასარჩევად, 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. თუ პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და უკვე 76 პარლამენტარის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა, ამ შემთხვევაში არჩეული თავმჯდომარე თანამდებობას მხოლოდ ექვსი თვის ვადით დაიკავებს. ანალოგიურია პროცედურა ცესკო-ს წევრობის კანდიდატებისთვისაც.