ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი პარლამენტს უკვე წარუდგინა. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. სამი კანდიდატიდან, რომელიც პრეზიდენტს შესარჩევმა კომისიამ გადაუგზავნა, პრეზიდენტმა ორი შეარჩია. მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო საზოგადოება 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის ვადა ხვალ ეწურებოდა.

იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლით აირჩიონ, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, იმ შემთხვევაში კი, თუ პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატმა ათი ხმა ვერ მოაგროვა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და უკვე 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი. თუმცა ამ შემთხვევაში არჩეული თავმჯდომარე ამ პოსტს მხოლოდ ექვსი თვით დაიკავებს. ანალოგიურია მოთხოვნა ცესკო-ს წევრობის კანდიდატებისთვისაც, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის ოთხი კანდიდატის სია გადაუგზავნა.