გასაუბრება ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მალე პარლამენტში კიდევ ერთი საინტერესო პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს.

პრეზიდენტთან არსებული კომისია ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ატარებს. ოთხ კანდიდატს შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი, თავის დროზე თანამდებობაზე ექვსი თვით არჩეული გიორგი კალანდარიშვილიც არის. არასამთავრობო ორგანიზაციებით და აკადემიური წრის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ ორ კანდიდატს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. ახლა საინტერესოა, თუ ამ ორ კანდიდატს შორის კალანდარიშვილიც იქნება, დაუჭერს თუ არა მას მხარს პარლამენტი. ამ საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციაში აზრი იყოფა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კალანდარიშვილმა პირველი ორი მცდელობის დროს ხუთი წლით ასარჩევად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, რის გამოც მესამე კენჭისყრაზე 76 ხმით და ექვსი თვის ვადით აირჩიეს.