ცესკო-ს სამი წევრი ​გამოკითხვაზე დაიბარეს

მთავარ პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამი უპარტიო წევრი გამოკითხვაზეა დაბარებული.

საქმე ეხება ცესკო-ში წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.

მთავარ პროკურატურაში კომისიის წევრი გიორგი ჭიქაბერიძე იმყოფება, მოგვიანებით კი, გამომძიებლების კითხვებს კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი უპასუხებს.

დღეს პროკურატურამ უკვე გამოკითხა კომისიის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი ჯავახაძე, ხოლო ცესკო-ში „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით გურგენიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გასულ კვირას იმყოფებოდა.