ცესკო-ს განცხადება - შეფასებები
ცესკო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებზე, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია გაყალბებულად. საარჩევნო კომისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეტალურად განმარტეს ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები.
გაიმართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, ღია წერილით მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად, კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. გაუგებარია, რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირ-ის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. ცესკო-ში გამოხატავენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ და კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ საკითხზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.