ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც, ცესკო-ს განცხადებით, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. ცესკო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა – არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლოდა საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.” – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.