ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის მიიღო დადგენილებები, პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკო-ს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, „ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად ელექტრონული ფორმით, ამავდროულად, ამგვარი ფორმის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლარად წარდგენა. ასევე მარტივდება მატერიალური ფორმით დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურაც. ასევე, თუკი პარტიულ სიაში იქ არსებული კანდიდატების რაოდენობა ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმუმს იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა პირადი განცხადების საფუძველზე გაიუქმეს რეგისტრაცია, აღნიშნული არ იქნება სიის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად ამგვარ ცვლილებას გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ არ გაუქმდეს რეგისტრირებული გაერთიანებების პარტიული სია“.