ოპოზიცია ცესკო-ს საპარლამენტო არჩევნების მძიმე დარღვევებით ადმინისტრირებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
ბარიერგადალახული პარტიების მთავარი არგუმენტი ამჯერად ცესკო-ს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის მოდიფიცირებასთან ერთად ჩარჩო კონვერტის ზომა გაიზარდა და ხმის დამთვლელ აპარატს დამცავი ზოლი დაემატა. სწორედ ამ ფაქტს აცხადებს ოპოზიცია ცესკო-ს მიერ ფარულობის პრინციპის დარღვევის აღიარებად და ჩატარებულ არჩევნებს არაკონსტიტუციურს უწოდებს. ის, რაც ფარულობის პრინციპის დარღვევის აღიარებაა ოპოზიციისთვის, პრევენციული ხასიათის ცვლილებაა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. ცესკო-სთვის ოპოზიციის ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია, განხორციელებული ცვლილებების მიზეზი კი სამომავლოდ უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებაა. ოპონენტების ბრალდებებს დღეს აბსურდული უწოდეს მმართველ პარტიაშიც.