ცესკო-ს დაკომპლექტების წესი

დღეს იგეგმება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაც. რეგლამენტის მიხედვით, 76 ხმა არის საჭირო იმისათვის, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღონ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გუშინდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. სხდომას არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა, რის გამოც, მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს. იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს მავნებლურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მმართველი გუნდი კი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც მოქმედ კანონს გააჩნია და აცხადებს, რომ კანონპროექტი ამ ხარვეზებს გამოასწორებს.