„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები საკუთარ ფართებს მიიღებენ

ათასობით ადამიანის მრავალწლიანი მოლოდინი სრულდება.

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ყველა ოჯახი კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს მიიღებს. გაჩერებული და წლების განმავლობაში მიტოვებული ობიექტების მშენებლობას შვიდი ინვესტორი კომპანია იბარებს. გეგმა ასეთია: ავარიული მდგომარეობის გამო სამი მშენებარე ობიექტი დემონტაჟს დაექვემდებარება და იქ ახალი კორპუსები აშენდება, ნაწილობრივ აშენებული და მალევე გაჩერებული ობიექტების მშენებლობა გაგრძელდება, უკვე დასრულებულ შენობებში კი სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერიასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში ჩაიწერა, რომ 2025 წლამდე 6 000-ზე მეტი ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს იმავე პირობებით, რა პირობებითაც თავის დროზე მომავალი ბინების შეძენა მოხდა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამშენებლო კომპანიის მხრიდან ე.წ. პირამიდის სქემის გამოყენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები წლების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ფართების გადაცემას ითხოვდნენ. რეზონანსული საქმე 2016 წლიდან გამოძიების საგანი გახდა, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ დრომდე სასჯელს იხდის.

დატოვე კომენტარი