ცეცხლი შეწყვეტილია, ამერიკის პრეზიდენტი ისრაელ-ირანს შორის 12-დღიან მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებას დასრულებულად აცხადებს.
შეთანხმების მიღწევას მთელი ღამის განმავლობაში ორივე მხრიდან საავიაციო თავდასხმები უძღოდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დონალდ ტრამპი მხარეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც საათების წინ ამოქმედდა. თუმცა შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო რამდენიმე დარტყმა, რაზეც ირანთან ერთად თეთრი სახლის ლიდერისგან კრიტიკა ისრაელმაც მიიღო. ოფიციალური თელავივი 13 ივნისს დაწყებული ავიაიერიშების შედეგებით კმაყოფილია და რამდენიმე ბირთვული ობიექტის დაბომბვის ფონზე საკუთარ მიზნებს მიღწეულად მიიჩნევს. თავის მხრივ ვაშინგტონი ამერიკული დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას გამორიცხავს. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ზავის დადება და მშვიდობის დამყარება. გაურკვეველია ბირთვულ საკითხზე აშშ-სა და ირანს შორის აპრილიდან დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაც. მსოფლიო ლიდერების მოწოდებაა, რომ ბირთვული პროგრამის გარშემო ირანი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდეს.