ბზობის დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას მეუფე შიო გაუძღვა და 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, კურთხევის შემდეგ კი სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ბზობის დღესასწაული იზეიმეს ფოთის საკათედრო ტაძარშიც. სადღესასწაულო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.