ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს 2 მოწმე დაკითხა. გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილიდან გურამ დონაძემ გაათავისუფლა და უთხრა, რომ ტერიტორიაზე გადასაღები არაფერი იყო. რაც შეეხება ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოწმეს, ის მკვლელობების განყოფილების ყოფილი უფროსია. მოწმის მტკიცებით, ის შემთხვევის ადგილზე უკვე მოგვიანებით მივიდა, როდესაც ადგილზე არც დაკავებულები იყვნენ და არც ბუტა რობაქიძის გვამი. მისი თქმით, ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობდნენ და მან შემთხვევის ადგილზე ნახა იარაღი. პროკურატურის განმარტებით, მოწმე დიდუბის ეკლესიასთან დაგვიანებით მივიდა, მაშინ როდესაც კრიმინალისტებს სამუშაო დასრულებული ჰქონდათ.