ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კახა კალაძემ, მის კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩებს. კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისობის დღესასწაულზე მოიწვია.