ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
აღდგომის პირველ ორშაბათს მოქალაქეები ტრადიციულად საფლავებზე გადიან, მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას ახარებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. დილიდან ხალხმრავლობა იყო ძმათა სასაფლაოზეც. სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, მუხათგვერდში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირებმა კი დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებოდა.