ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ურთიერთკრიტიკის თემაა ბრიუსელში მიმდინარე განხილვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, უვიზო მიმოსვლის აკრძალვას სამართლებრივი საფუძველი არასდროს ექნება. ხელისუფლების ოპონენტები კი არ გამორიცხავენ, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდეს.
შეგახსენებთ, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის პროცედურის გამარტივებას განიხილავს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ, ამ საკითხზე შეთანხმებას იქამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.