ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა

ემუქრება თუ არა 2017 წელს ამოქმედებულ უვიზო რეჟიმს გადახედვის საფრთხე – კითხვა იმ ინიციატივამ გაააქტიურა, რომლის მიხედვით ევროკავშირი უახლოეს თვეებში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას აპირებს.

ბრიუსელის დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2023 წლიდან ინიცირებული საკითხი 61 ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესის გამარტივებას გულისხმობს. როგორც რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ევროსტრუქტურებში შესაბამისი ინიციატივის განსახილველად უკვე ემზადებიან. გავრცელებული ცნობით, გაიზრდება იმ მიზეზების ჩამონათვალი, რის საფუძველზეც ევროკავშირს მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება შეეძლება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაუარესებული ურთიერთობის და დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების ფონზე გაჩნდა ეჭვები, რომ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის ინსტრუმენტი შესაძლოა ბრიუსელმა საქართველოს მიმართაც აამოქმედოს. ამ საფრთხეს ხელისუფლებაც არ გამორიცხავს – მმართველი გუნდი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ზეწოლის ბერკეტად გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს. მსგავსი ინიციატივა ცალკეული ევროპელი ლიდერებისა თუ დეპუტატების დონეზე უკვე გაჟღერდა.