თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კომუნიკაცია – ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ყველა დონეზე შეჩერების ფონზე ბრიუსელში გუშინ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამო მსგავსი შეხვედრის გამართვა სტანდარტული პროცესია. ევროკომისიის და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მიზანი იყო იმ მიზეზების გარკვევა, რის გამოც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლით დროებით ვეღარ სარგებლობენ. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მძიმე შინაარსს და იმ რეკომენდაციებს დაეყრდნო, რომლებსაც ევროკომისია ამ დრომდე შეუსრულებლად აცხადებს. ბრიუსელის მხრიდან აქცენტი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე კეთდება. ქართული მხარე რეკომენდაციებს პოლიტიკურ წინაპირობებად მიიჩნევს და ამბობს, რომ პრეტენზიებს ფაქტებით და არგუმენტებით უპასუხეს.
არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილის ფონზე მოსალოდნელია თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვა და გააჩინა თუ არა გუშინდელმა შეხვედრამ დიალოგის სივრცე – ანა ბროლაძე დეტალებით.