ბრიუსელის პოლიტიკა - შეზღუდვები ახალი წევრებისთვის 

ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესი და მზარდი კრიტიკა ბრიუსელიდან – მაშინ, როცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გამწვავებული და დიალოგი ყველა დონეზე შეწყვეტილია, გაერთიანება ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში საქართველოსთან ერთად მყოფ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ორივე ქვეყანა ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადადის – პროცესი ხუთ კლასტერს ითვალისწინებს. პირველი კლასტერის გახსნა მონტენეგროში დადასტურდა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილები. თუმცა შესაძლოა, ინტეგრაციის პროცესი გარკვეული დათქმით მოხდეს. საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის გზავნილი. მარტა კოსი ადასტურებს, რომ ახალ წევრებს შესაძლოა ვეტოს უფლება შეუზღუდონ, რასაც თბილისში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. კიდევ უფრო გამკაცრდა რიტორიკა მმართველი გუნდისგან, რომელიც მეოთხე წელია, ბრიუსელს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ეს მიდგომა ამოიკითხა ხელისუფლებამ ლუქსემბურგში საქართველოს შესახებ დღეს გაკეთებული განცხადებებიდანაც.