ამოქმედდება თუ არა რვა წლის შემდეგ საქართველოს მიმართ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი – ბრიუსელის მიერ თბილისისთვის დაყენებული რვა მოთხოვნის გარშემო პოლიტიკური მღელვარება არ ცხრება.
ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს ულტიმატუმის სახე აქვს. მმართველი გუნდი რამდენიმე პუნქტს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს წითელ ხაზად აცხადებს და მათ გაუქმებას გამორიცხავს. 2017 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 31 აგვისტომდე რვავე პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს. მოჰყვება თუ არა ბრიუსელიდან მიღებულ გამაფრთხილებელ გზავნილს რეაგირება, როგორი იქნება ევროკომისიის პოზიცია მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში და მოსალოდნელია თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რასაც ევროკავშირის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. ამ მხრივ გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის სტატია. თუ მის პუბლიკაციას დავეყრდნობით, ევროკავშირის წევრებს შორის პოზიციები გაყოფილია.