ახალი დასკვნა, იგივე რიტორიკა და მოთხოვნები: საქართველოში არსებული ვითარება ბრიუსელის ყურადღების ცენტრში რჩება. მოწოდებები, რომლებიც დღეს მიღებულ დოკუმენტში გაიწერა, ზუსტად ემთხვევა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხებოდა. კონსენსუსი ვერ შედგა, ამიტომ დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნების სახით მიიღო. ბრიუსელი საუბრობს დემოკრატიულ უკუსვლაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ჩიხში შესულად აცხადებს. საინტერესო ჩანაწერებია ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმზე, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს. იგულისხმება რვა რეკომენდაციის შესრულება, რომელთა დასაკმაყოფილებლად ბრიუსელს ვადა აგვისტოს ბოლომდე ჰქონდა დაწესებული. დაკონკრეტების გარეშე მოთხოვნილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება და აგრესიული რიტორიკის შეცვლა ევროკავშირის მიმართ. საქართველო-ევროკავშირის გაუარესებული ურთიერთობის და შეჩერებული დიალოგის ფონზე მოსალოდნელია თუ არა ცოტა ხნის წინ გამარტივებული მექანიზმით უვიზო რეჟიმის გადახედვა-მოლოდინები არაერთგვაროვანია. მსგავს გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი გეოპოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს და ორმაგ სტანდარტებზე არაერთხელ მინიშნების შემდეგ ბრიუსელს დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ უდასტურებს. ოპოზიცია დღევანდელ დასკვნებზე საპასუხოდ ხელისუფლებისგან არანაირ რეაგირებას არ ელოდება.