ევროკავშირი უნგრეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია.
ვიქტორ ორბანის ხელისუფლებასთან მრავალწლიანი მწვავე უთანხმოების შემდეგ, ბრიუსელს ბუდაპეშტთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი აქვს. ევროკავშირისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების გაუქმება, გრძელვადიანი რეფორმების გატარება, უკრაინასთან არსებული უთანხმოების მოგვარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვეტოს მოხსნა – ეს იმ პუნქტების მხოლოდ ნაწილია, რომლის შესრულებასაც ევროკომისია პეტერ მადიარისგან, დაბლოკილი 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის, განბლოკვის სანაცვლოდ ითხოვს. გამარჯვებული პარტიის ლიდერს 27 პირობა წაუყენეს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება პეტერ მადიარის პასუხი ბრიუსელის მოთხოვნებზე. უნგრეთის მომავალ პრემიერს, რომელსაც ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოუცხადა, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. თუ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, პეტერ მადიართან ურთიერთობა არც თუ ისე მარტივი იქნება.