ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საელჩოში მომხდარის დროს დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით გამოირჩევა.

„2018 წლის 7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში. საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდაა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი“.

ინცინდენტის ამსახველ ვიდეომასალას რადიო „თბილისი“ ავრცელებს.