ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ტემპს მიზანმიმართულად ანელებს. „რუსეთის შეტევა ფერხდება რუსეთის ცუდი სამხედრო შესრულებისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო. დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ სწრაფი წინსვლა არ ჰქონდათ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ტემპს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებით მიზნით. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ განცხადების შემდეგ, რუსეთმა ქალაქ ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბა, სადაც 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.