რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს

რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. განკარგულება თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მას შემდეგ გასცა, რაც შეიარაღებული ძალების სარდალმა მინისტრს აცნობა, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, მდინარე „დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამხედროების გადაყვანით, მათ სიცოცხლეს გადაარჩენენ“. პროცესი უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. თუმცა, უკრაინაში მოსკოვის ამ განცხადებას სიფრთხილით ეკიდებიან და არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა, შესაძლოა, პროვოკაციებს მიმართოს. უკრაინა ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებს. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ხერსონის რეგიონის დატოვება ბრძოლით და მდ. დნეპრის მარცხენა ნაპირზე წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადადის, რათა შეინარჩუნოს შენაერთების ბრძოლისუნარიანობა“.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და სავარაუდოდ, ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას. ამერიკის გენშტაბის უფროსის, მარკ მილის თქმით, ასევე დაღუპულია 40 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე.