ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადება

საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომ 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტიან ჩატარებაში მხარდასაჭერად.

გრანტის აღწერაში ვკითხულობთ: „თბილისში ბრიტანეთის საელჩოს აქვს მიზანი, მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ჩატარებას უმაღლესი სტანდარტების დაცვით, სადაც ქართული მოსახლეობის ყველა ფენას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. ორგანიზაციებს შეუძლიათ, წარადგინონ განაცხადი 100 ათას ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის გრანტების მისაღებად იმ პროექტებისთვის, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მიზანს“, – აღნიშნულია აღწერაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფინანსება ხელმისაწვდომია 2025 წლის მაისიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდისთვის. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „გასულ წელს საქართველოში ეროვნული არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდებოდა. მათ ანგარიშში გამოვლინდა რიგი რეკომენდაციები, წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების წინ. ეფექტიანი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია კრიტიკული იქნება იმის შესაფასებლად, რამდენად იქნა შესრულებული ეს რეკომენდაციები. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ს საერთაშორისო მონიტორინგის მისიის გაგზავნას 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო განცხადებაში.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში