ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
პოლიტიკური შეფასებების თემაა დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაც, რომლის მიხედვითაც, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის ღირებულების 29 ათასი სავაჭრო გარიგება განახორციელა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ის თავად არღვევს სასანქციო პოლიტიკას. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს კვლევა არაფერს ნიშნავს და ევროპა უკრაინის გვერდით დგას.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დოკუმენტის თანახმად, 145 გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანია გამოიყენებოდა შუამავლად – უფრო მეტად ბერმუდასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმები, რომლებიც რუსეთთან სხვადასხვა ტრანზაქციებს ახორციელებდნენ.
კვლევის მიხედვით, ამ სქემით რუსეთი ყიდულობდა და ყიდდა სანქცირებულ საქონელს, მათ შორის ქვანახშირს, ფოლადს, ტყვიას, რკინასა და თუთიას, რის შემდეგაც ეს საქონელი ჩინეთში, თურქეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში შედიოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, კვლევამ გამოავლინა სულ მცირე 160 იახტა, რომელიც ამ კომპანიების გამოყენებით რუსეთში შევიდა.