ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.
„გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა, მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.
ვწუხვართ, რომ, საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე, არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა, ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას საქართველოში დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ. დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის“, – წერია ბრიტანეთს საელჩოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.