ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს მათი ყველა რეკომენდაცია. დიპლომატიური მისია ეხმაურება გრანტების საკითხსაც და აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.

საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს, ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. დოკუმენტი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის, ასევე ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთი, მრავალი წელია, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.