ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება – გამოხმაურებები

18:19, 24.02.2026

ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: „როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია, ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.” ტელეკომპანიის განცხადებაში ასევე, ვკითხულობთ 2007 წლის მოვლენების შესახებაც, სადაც, როგორც განცხადებაში წერია, „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ, ზოგადი შეშფოთებაც კი – არ გამოუთქვამს. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

მსგავსი