ბრიტანეთის მთავრობა ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ 

21:10, 25.02.2026

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება და რეზონანსული გამოხმაურება საქართველოში – სხვა ქვეყნის საქმეებში უხეშ ჩარევად და მედიაზე ზეწოლად განიხილება სანქციები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ორ კერძო ქართულ ტელეკომპანიას დაუწესა.

გონივრული ეჭვი, რომ „იმედი“ და „პოს-ტივი“ უკრაინის ომზე და უკრაინის ხელისუფლებაზე დეზინფორმაციის გავრცელებით და დესტაბილიზაციის ხელშეწყობით არიან დაკავებულები – ასეა დასაბუთებული სასანქციო გადაწყვეტილება, რის გარშემოც მეორე დღეა, ვნებათაღელვა არ ცხრება. ოფიციალურ ლონდონს მის მიერ სანქცირებული ტელევიზიის გარშემო 19 წლის წინ განვითარებულ მძიმე მოვლენებს ახსენებენ, როცა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სპეცდანიშულების რაზმი „იმედში“ შეიჭრა და დაარბია. თუმცა მაშინ გაერთიანებული სამეფოდან ამ ფაქტს გამოხმაურება ან რეაგირება არ მოჰყოლია. ის, რაც ლოგიკური შედეგი და ადეკვატური რეაქციაა ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერებისთვის, სანქციების ზეწოლის ბერკეტად გამოყენებად და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად ცხადდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. გუშინდელი გადაწყვეტილების შეფასებისას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოზიციონირება.

მსგავსი