ბრიფინგი თბილისის საკრებულოში

დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს აპროტესტებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ თემას დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ხაბეიშვილი აღნიშნულს, კალაძე-ოდიშარიას კორუფციულ გარიგებას უწოდებს. ის მიწის ნაკვეთების ფასისა და ფართობის შეუსაბამობაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, ოდიშარიას თაბორის მთაზე ნაკვეთები ჰქონდა, სადაც მერიამ მშენებლობის ნებართვა არ მისცა და ადგილმონაცვლედ მუხიანის ტერიტორია შესთავაზა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურნენ საკრებულოს უმრავლესობაში და განმარტეს, რომ თაბორის მთაზე აკრძალულია კორპუსის ტიპის მშენებლობა და სწორედ ეს გახდა მონაცვლეობის მიზეზი.

ბრალდებას უპასუხეს მერიაშიც და აღნიშნეს, რომ თანხასთან დაკავშირებით, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება.