ბრიფინგი სუს-ის შენობასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ და პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა, რომელმაც ლევან იზორიას ძმის დაკავების კადრები გაავრცელა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან  ბრიფინგი გამართეს.  მათი განცხადებით,  დვალიშვილის  ოჯახს უთვალთვალებენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.  დვალიშვილი მოუწოდებს სუს-ის ხელმძღვანელს, გიორგი ლილუაშვილს, შეწყვიტოს  მისი ოჯახის უკანონო მიყურადება და თავად მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი აპირებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები, არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.