ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 33 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათგან 27 გამთენიისას დააკავეს, ორი პენიტენციურ დაწესებულებაშია, ოთხზე ძებნა გამოცხადდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.