ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დღეს სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული. დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და გამსაღებლების მიმართ უმკაცრესი ზომების გატარებას. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.