ბრიფინგი რუსთაველზე – გამოხმაურება 

18:18, 13.11.2025

28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

მარში პარლამენტის წინ ბრიფინგზე დაანონსდა. ითქვა, რომ ერთი წლის  წინ 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროპულ გზაზე უარი ღიად თქვა, რასაც არ შეეგუებიან და ბოლომდე იბრძოლებენ. „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ. წერილის დასაწყისში ასევე აღნიშნული იყო, რომ  ტექსტში რადიკალური ცვლილებების შეტანისგან თავი უნდა შეეკავებინათ. რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების სახელით აჟღერებდა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა. „დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც არ შეუძლია, დღევანდელი ბრიფინგი აგენტობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას. ოპოზიციას ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას არ ანდობენ დამოუკიდებლად. აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არცერთი სიტყვის. ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად. მერე დადგებიან და მონა, მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება „დიფ სთეითსა“ თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს“, – წერს კირცხალია.

 

მსგავსი