„ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო დიდი ძალით მოჰყვება პასუხი, ირანის მხრიდან გონივრული იქნება, თუ ამ სიტყვებს გაითვალისწინებდა“, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ცოტა ხნის წინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთან, გენერალ დენ კეინთან ერთად, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგებზე ისაუბრა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, თავდასხმამ „გაანადგურა“ ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა მისი თქმით, ოპერაცია არ იყო მიმართული ირანელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პიტ ჰეგსეთის განცხადებით, გუშინდელი დარტყმები ირანის ბირთვული შესაძლებლობების „დაქვეითების“ და „განადგურების“ მიზანს ემსახურებოდა. ჰეგსეთმა გაიმეორა ტრამპის განცხადება, რომ „აშშ ომისკენ არ ისწრაფვის“, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონი სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებს, როდესაც მის ხალხს, პარტნიორებს და ინტერესებს საფრთხე დაემუქრებათ.
თავის მხრივ, გენერალმა კეინმა განაცხადა, რომ საბოლოოო შეფასებას ჯერ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა წინასწარი შეფასება აჩვენებს, რომ სამივე ობიექტს მიადგა უკიდურესად სერიოზული ზიანი. სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, იერიშის შემდეგ აშშ-ის ძალები მზადყოფნაში რჩებიან და სრულად არიან მზად, რეაგირება მოახდინონ ირანის ნებისმიერ შურისძიებაზე. როგორც გენერალმა კეინმა აღნიშნა, საპასუხო ქმედება თეირანის მხრიდან წარმოუდგენლად ცუდი არჩევანი იქნება.