ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დადგა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა რეკომენდაციების შესასრულებლად საგანგებო სხდომის ჩატარების ინიციატივა დააყენეს, თუმცა, მმართველმა ძალამ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. 

დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციის შესასრულებლად მხოლოდ იმიტაციურ პროცესს ადასტურებს უმრავლესობის განცხადება, რომ ისინი მზად არიან, შეცვალონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და 2/3 ხმებით არჩევას გულისხმობს. მისი თქმით, მმართველი ძალის ინტერესში არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, ამ ეტაპზე არ განიხილება.