ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურამ №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდება წარედგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს – ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას. გიორგი პატარიძეს ბრალდება – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება პატიმრებს – ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.