ცესკოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა. პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, აუდიტის ანგარიშის ირგვლივ, არაზუსტი ინტერპრეტაციები ვრცელდება, რის გამოც საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთება გახდა საჭირო. მისი თქმით, ანგარიშში არ არის საუბარი არსებით კანონდარღვევებზე, ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ან სხვა ისეთ გადაცდომებზე, რომელიც ცესკოს საქმიანობის კანონიერებასა და კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა. იოსელიანის განმარტებით, აუდიტის მიერ გაცემული შვიდი რეკომენდაციიდან ექვსი უკვე შესრულებულია, ერთი კი შესრულების პროცესშია. ცესკო-ში განიმარტა, რომ ანგარიშში ასახული შენიშვნები, ძირითადად, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას ეხება. იოსელიანის განმარტებით, 2023 წელს დანამატების მოცულობა თანამდებობრივი სარგოს 12.5%-ს, ხოლო 2024 წელს 12.3%-ს შეადგენდა და სრულად შეესაბამებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესებს. მისივე შეფასებით, აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ცესკოს საქმიანობაში არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და რეკომენდაციები, მხოლოდ ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას ემსახურება.