ბრიფინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, ეფექტიანი გამოძიება აწარმოონ. აღნიშნულთან დაკავშირებით საია-მ ბრიფინგი გამართა. როგორც გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების დაწყებიდან 4 თვეა გასული, ხოლო თავად მოვლენებიდან წელიწად-ნახევარი, საგამოძიებო უწყებას სრულყოფილი პასუხები ამ დრომდე არ აქვს გაცემული. მათი თქმით, ამ დრომდე არცერთი პირი დაზარალებულად არაა ცნობილი. საია-ს განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხონ მაღალი თანამდებობის პირები და უშუალო აღმსრულებლები. საია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გაურიეს მათ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება.