ბრალის წარდგენა
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში. ასევე მის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას. ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი კი საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ფეთქებად ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს. ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულია დროშა, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. ერთ პირს ბრალდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ორ პირს კი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების, მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ბრალი აქვთ წარდგენილი, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.