ბრალის წარდგენა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი, ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 403 095 ლარს. კომპანიის მფლობელს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს კი გამოძიება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას ედავება, რაც ასევე, ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.