ბრალის წარდგენა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც, მას 5 600 დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხვინა, ნაწილი კი – 2 500 დოლარი მაისსა და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა. დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც  ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ლაშა ცანავა ბრალს არ აღიარებს და მას აბსურდულს უწოდებს.